აზაროვი და გოჩოლეიშვილი „შახტარის“ შემადგენლობაში უკრაინის ჩემპიონები გახდნენ #1TVSPORT
ორი ქართველი ფეხბურთელი უკრაინის ჩემპიონი გახდა დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში, რომელმაც კიევის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ტიტული გაიფორმა.
უკრაინის პრემიერლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში ირაკლი აზაროვი „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი განაცხადში მოხვდა, მაგრამ მოედანზე არ შესულა.
დონეცკელებმა უახლოეს მდევარს, კიევის „დინამოს“ ლვოვში უმასპინძლეს. გადამწყვეტი გამოდგა 33-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი, რომელიც გეორგი სურაკოვმა გამოიყენა. სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „შახტარმა“ 70 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტის, კიევის „დინამოსთვის“ (63) მიუწვდომელი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ აზაროვისთვის ეს მესამე ოქროს მედალია – პირველად ჩემპიონობა საქართველოში ბათუმის „დინამოში“ იზეიმა, მეორედ კი – სერბეთში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ შემადგენლობაში.