მადრიდის „რეალის“ ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა ტრავმა მიიღო „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში (2:2).
ფეხბურთელმა ვერ დაასრულა შეხვედრა და მინდორი 68-ე წუთზე ექიმების დახმარებით დატოვა. მის ნაცვლად მოედანზე გარეტ ბეილი გავიდა.
„რეალის“ ვიცე-პრეზიდენტმა ემილიო ბუტრაგენიომ გამოაცხადა, რომ აზარს კოჭი აქვს დაზიანებული, მაგრამ ზოგიერთი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ბელგიელმა აქილევსის მყესი დაიზიანა, რომლის გამოც 2017 წლის ზაფხულში ოპერაცია დასჭირდა.
გარდა ამისა, მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გაზეთ „მარკას“ განუცხადა, რომ აზარის დაზიანება მარტივი არ არის და ბელგიელს 18 დეკემბერს დანიშნული „ელ კლასიკოს“ გამოტოვება ემუქრება.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა სამედიცინო გამოკვლევის შედეგები, რომელმაც მარჯვენა ფეხის მცირე დაზიანება აჩვენა. როგორც ვარაუდობენ, ბელგიელი 10 დღეს გამოტოვებს და „ბარსელონასთან“ მატჩისთვის მზად იქნება.