“მანჩესტერ სიტისთან” ჩაგდებულმა მატჩმა შესაძლოა სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს “ჩელსიში”. მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ტაქტიკური სქემებით უკმაყოფილო ედენ აზარმა საჯაროდ გააკრიტიკა გუნდის თამაში. შაბათის მატჩში, 27 წლის ბელგიელი ფორვარდის პოზიციაზე მოქმედებდა და თითქმის მთელი 90 წუთი ბურთს არ შეხებია.
როგორც გაზეთ თაიმსისთვის (The Times) გახდა ცნობილი, ბელგიელი “ჩელსისთან” ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს გადადებს, რათა სხვა ვარიანტები განიხილოს. მაგალითად, ნახევარმცველი მზად არის, განიხილოს მადრიდის “რეალის” წინადადება – სწორედ ესპანეთის ჩემპიონი მიიჩნევა აზარის შეძენის მთავარ პრეტენდენტად.
ბელგიელის კონტრაქტი “ჩელსისთან” 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში აზარმა 39 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა.