ავთო ებრალიძე კვიპროსის ჩემპიონატში „ანორთოსისს“ გასვლით შეხვედრაში გოლით დაეხმარა, მაგრამ ათი ფეხბურთელით დარჩენილმა ფამაგუსტელებმა „ხლორაკასთან“ მაინც წააგეს – 1:3.
პირველი დივიზიონის აუტსაიდერთა ჯგუფის 38-ე ტურის შეხვედრაში 30 წლის ქართველი თავდამსხმელი „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ლორია კი განაცხადში არ ყოფილა.
„ხლორაკასთან“ მატჩი „ანორთოსისმა“ კარგად დაიწყო და მე-12 წუთზე ებრალიძის გოლით დაწინაურდა, მაგრამ 42-ე წუთზე ფამაგუსტელები კაცნაკლულნი დარჩნენ – არბიტრმა განელი თავდამსხმელი ვარის მაჯედი გააძევა.
„ხლორაკამ“ რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლა და მეორე ტაიმში მიზანს მიაღწია. 59-ე წუთზე „ანორთოსისის“ კაპიტანმა, კოსტას არტიმატასმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 72-ე წუთზე მასპინძლები არგენტინელმა ლუის ტორესმა დააწინაურა, რომელმაც ექვს წუთში დუბლი შეასრულა და „ხლორაკამ“ 3:1 გაიმარჯვა.
ავთო ებრალიძეს ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში დიდი დრო გაუცდა, მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. წაგების მიუხედავად, „ანორთოსისი“ 38 ტურის შემდეგ 57 ქულით აუტსაიდერთა ჯგუფის ლიდერია.