ავთანდილ ქანთარია - ლორიაზე გული მწყდება, მას ტოპლიგის ძლიერ გუნდში თამაში შეეძლო #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, თბილისის „დინამოს“ და ლანჩხუთის „გურიას“ ყოფილმა მეკარემ, ავთანდილ ქანთარიამ ჩემპიონთა ლიგაზე, „ნაპოლიზე“, ხვიჩა კვარაცხელიასა და ქართველ მეკარეებზე ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ „მილანთან“ შეხვედრა ძალიან არ მინდოდა, რადგან დიდი და გამოცდილი გუნდია. ამხელა კლუბისთვის სამარცხვინოა, იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლის“ ამდენი ქულითაც რომ ჩამორჩება. თან ეს სათასო მატჩები იყო და სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. მე მგონია, რომ ამ ეტაპისთვის სპალეტიმ გუნდი სათანადოდ ვერ მოამზადა. „ვერონასთან“ მეორე ტაიმში კვარაცხელიას და ოსიმენს ერთად რომ ეთამაშათ, „მილანთან“ უარესები იქნებოდნენ? მსგავსი შეცდომები და არასწორი როტაცია მგონია წაგების ერთ-ერთი მიზეზი. იტალიის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგისთვის თანაბრად მომზადება კი ძალიან რთულია.
არასწორი როტაციის მაგალითად იტალიის თასზე „კრემონეზესთან“ წაგებაც გამოდგება. ჩემი აზრით, თითქმის მთელი შემადგენლობის შეცვლა შეცდომა იყო და სხვა შეცდომებიც აქედან მოდის. შემდეგ გულშემატკივრებიც აუმხედრნენ – ხედავენ ყველაფერს და ვერ მოატყუებ. „მილანთან“ მეორე მატჩში „ნაპოლის“ ანგისა და კიმ მინ-ჯე დააკლდა, ოსიმენი ფორმაში არ იყო და ლიდერებიდან, ფაქტობრივად, მარტო ხვიჩა დარჩა. თანაც ამ დონის მატჩში. ამის მიუხედავად, კვარაცხელიას თამაშს დადებითად ვაფასებ. ბურთი ფაქტობრივად არ დაუკარგავს.
საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, პირველი მატჩის შედეგით ნორვეგიასთან მაინც კმაყოფილი ვარ. მით უფრო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში ასეთ ფეხბურთს არ ველოდი. მე მომავალს იმედით ვუყურებ. მთავარია, ამ თამაშიდან მწვრთნელმა სწორი დასკვნები გამოიტანოს.
მამარდაშვილის თამაშს დამატებით ჩანაწერში ვუყურებ და ძალიან კარგი მეკარეა. პოზიციის შერჩევა იცის. გამოსვლებში ცოტა მინუსები აქვს, მაგრამ ეს გამოცდილებით და ვარჯიშებით გამოსწორდება. მე მგონია, რომ ახლა გიორგის კლუბის შეცვლა სჭირდება, მაგრამ ისეთ კლუბში არ უნდა გადავიდეს, სადაც არ ათამაშებენ და შემდეგ ნაკრებს ვერ გამოადგება. უთამაშებლობას მოაქვს ის, რომ მეკარეს კარი „ეკარგება“.
გული იმაზე მწყდება, რომ ლორია ვერ მოხვდა ძლიერ გუნდში, რადგან მას ჰქონდა იმის პოტენციალი, რომ ტოპლიგის ძლიერ გუნდში მოხვედრილიყო. ბევრ კლუბშია არასტაბილური მეკარე და ლორიას ამ დონეზე თამაში ნამდვილად შეეძლო“, – ამბობს ავთანდილ ქანთარია.