ავთანდილ ასათიანს ქართული ფუტსალის სჯერა - სერბეთთან გამოჩნდა, რომ ჩვენი ნაკრები იზრდება #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან, სერბეთთან შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ნაკრები ორჯერ დაუპირისპირდა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მსგავსად, სერბეთიც ნიდერლანდებში 19 იანვრიდან – 6 თებერვლამდე გასამართი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება. პირველ მატჩში ფრეს (1:1) შემდეგ ჩვენმა გუნდმა 4:3 მოიგო და აჩვენა, რომ იზრდება და ევროპის ტოპ-ნაკრებებთან ღირსეულ თამაშს ახერხებს.
„ფაქტია, რომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი მოთამაშეები სერბეთის მსგავს ძლიერ ნაკრებებთან თამაშებს მიეჩვივნენ და იმხელა გამოცდილება მიიღეს, მეტოქეს არაფერში ტოლს არ უდებდნენ. მე ვფიქრობ, მათ ყველა ასპექტში თანაბრად ვეთამაშეთ. ეს კარგი ფაქტია და აჩვენებს, რომ გუნდი იზრდება“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ეს გამარჯვება მოდუნების უფლებას არ გვაძლევს:
„ზრდა კიდევ უფრო უნდა გავაგრძელოთ, რადგან საამისოდ ყველანაირი საფუძველი გაგვაჩნია. ჩანს, რომ საქართველში ფუტსალს დიდი პოტენციალი გააჩნია“.
ასათიანის თქმით, დეკემბერის მატჩებში მაქსიმალურად ბევრ მოთამაშეს დააკვირდება:
„დიდი სკამი გვაქვს, ბევრი ფეხბურთელი იმისთვის მოვიყვანე, რომ დეკემბრის ოთხ საკონტროლო შეხვედრაში სათამაშო დრო ყველას მივცე. შემდეგ ორ თამაშს აუცილებლად იმისთვის გამოვიყენებ, რომ ყველა მოთამაშე ვნახო საქმეში, რომლებსაც სერბებთან მოედანზე ძალიან ცოტა ხნით გასვლა მოუწიათ“.
სერბეთის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები 21-22 დეკემბერს ყირგიზეთის წინააღმდეგ ითამაშებს, მატჩი ისევ თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.