ავთანდილ ასათიანის უნიკალური სტატისტიკა - დიდი პატივია, 100 თამაში იყო ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანს უნიკალური სტატისტიკა დაუგროვდა – ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში სომხეთთან შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარ მწვრთნელს სფფ-ის გენერლაურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ეროვნული გუნდის დამრიგებლად ჩატარებული 100 მატჩისთვის სამასხოვრო მაისური გადასცა.
„ისეთ ამაყი, როგორც ახლა ვარ, შესაძლოა, არასოდეს ვყოფილვარ. 100 თამაში იყო შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, არ ვიცი, ამაზე დიდი პატივი რა შეიძლება იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის ფუტსალის აღმშენებლობაში ერთი პატარა აგური მაქვს დადებული.
რომელ ადგილზე ვიყავით, მე როდესაც ნაკრები ჩავიბარე, უეფა-ს რეიტინგში თუ არ მეშლება, 28-ე-30-ე ადგილებს შორის ვიყავით. ახლა ევროპაში მე-9 პოზიციაზეა ვართ, რაც საამაყოა. ასეთი რეიტინგი შემდგომ შესარჩევი ციკლების წილისყრისას დაგვეხმარება, რადგან მაღალ „კალათაში“ მოხვედრით დიდი ალბათობაა, რომ შედარებით სუსტ გუნდებს ვეთამაშოთ.
მთავარი ისაა, რომ ფუტსალის წინსვლისთვის ყველა ბევრ რამეს ვაკეთებთ. აქ მარტო ასათიანსა და კუპატაძეს შორის არ არის საქმე. ფეხბურთის ფედერაცია ბევრს აკეთებს, რომ შედეგს მივაღწიოთ. ანუ გუნდურობამდე მივდივართ – ერთი მეორეს გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.
ავთანდილ ასათიანი საქართველოს ნაკრებს 2007-2009 წლებში ავარჯიშებდა. შემდეგ გუნდს ჩამოაშორეს, 2011 წელს დააბრუნეს, მაგრამ ორ წელიწადში ისევ გაათავისუფლეს. ორწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში ლევან კობიაშვილმა 2015 წელს მოიწვია და მას შემდეგ რვა წელია, გუნდს ხელძღვანელობს. ამ პერიოდში, ასათიანმა ევროპის ერთ-ერთი უსუსტესი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, ევროპულ რეიტინგში მეცხრე ადგილზე დააწინაურა და ახლა საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის. ამავე დროს, ასათიანის ინიციატივით ჩამოყალიბდა 21 და 19-წლამდე ნაკრებები.