ავთანდილ ასათიანის პრობლემები ევრო 2022-ის წინ - სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობით თამაში ვერ ხერხდება #1TVSPORT
მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა საქართველოს პირველ არხთან ფუტსალის ეროვნული ნაკრების მზადებაზე ისაუბრა. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნითი ეტაპზე თბილისში 16 და 18 დეკემბერს, უეფა-ს რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე მყოფ სერბეთს შეხვდება, ხოლო 21 და 22 დეკემბერს – ყირგიზეთის ნაკრებს.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ევროპის ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში რომ ვიყოთ, სპარინგ-მატჩები აუცილებელია. აქცენტი სერბეთის ძლიერ ნაკრებთან თამაშზე გავაკეთეთა. მასთან მატჩებში ჩვენს მინუსებს კარგად დავინახავთ. კარგია შემდეგ ყირგიზეთთან თამაშებიც – ყველა მოთამაშე უნდა ვნახოთ და შემდეგ მწვრთნელებიც საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივალთ, ევროპის ჩემპიონატზე ვის დავეყრდნოთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ავთანდილ ასათიანმა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ამ ამხანაგური შეხვედრებისთვის სასურველი შემადგენლობა ვერ შეკრიბა:
„სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ოპტიმალური შემადგენლობით თამაში. არიან ტრავმირებულებიც. თასის მნიშვნელოვანი მატჩის გამო ვერ გვეყოლება ზვიად კუპატაძეც და მის მდგომარეობას ვითავლისწინებთ. მისი არყოფნა ჩვენთვის დიდი პრობლემაა. მიახლოებით ისეთი თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანთან დაგვჭირდება“.
ასათიანმა ტრავმირებულებსა და პრობლემების მქონე მოთამაშეებზეც ისაუბრა:
„ბინიო მძიმედ დაშავდა და სამწუხაროდ, ნაკრებს ვერ დაეხმარება. საკითხავია ვახტანგ ჯვარაშვილის თამაშიც, რომელიც ახლა შეკრებაზე არაა. ასე გაურკვეველია ტრიომი საიოტის საკითხიც, რომელსაც მძიმე ტრავმის შემდეგ ჯერ ოპტიმალური ფორმა არ აღუდგენია. საბედნიეროდ, რეზერვი არის, ადრე ჩვენ ამის ფუფუნება არ გვქონდა“.