ავთანდილ ასათიანი - ყოველთვის გვჯერა, რომ ნებისმიერი თამაშის გადარჩენაა შესაძლებელი #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ევრო 2022-ზე ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მეორე შეხვედრის მოგების (2:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე ამ ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა, რომელმაც გუნდს მეოთხედფინალისკენ გაუხსნა გზა.
„ორი თამაში შემოვატრიალეთ და ეს ქართული ხასიათის დამსახურებაა. ყოველთვის გვჯერა, რომ ნებისმიერი თამაშის გადარჩენაა შესაძლებელი. ამხანაგური თამაშები ზუსტად ამისთვის არის საჭირო. რუმინეთთან ზუსტად იგივე სურათი იყო, როდესაც 0:3-დან შევძელით თამაშის შემოტრიალება. ეს კიდევ უფრო დიდ რწმენას გაძლევს, რომ შეგიძლია თამაშის გადარჩენა, რა ანგარიშითაც არ უნდა აგებდე“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა დანაკლისზეც ილაპარაკა:
„ელისანდრო ძალიან დაგვაკლდა. ჩანდა, რომ მასზე დიდი აქცენტი ჰქონდათ გადატანილი. ძალიან სწრაფად მიიღო ტრავმა. ისეთი დონის ფორვარდია, დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას აუცილებლად იტყოდა. მისი გასვლის შემდეგ, სხვა სქემაზე გადავეწყვეთ და ამან გაამართლა. ძალიან კარგია, რომ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული გუნდი არ ვართ. ელისანდროს მდგომარეობის შესახებ მეტი ექიმებთან საუბრის შემდეგ გვეცოდინება. აქამდე მთელი კონცენტრაცია ბოსნია-ჰერცეგოვინაზე გვქონდა. ხვალიდან, როგორც კი ეს ემოციები ჩაცხრება, შევუდგებით ესპანეთთან მატჩისთვის მზადებას“.
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი მატჩი მოიგო, 6 ქულა აქვს და „დ“ ჯგუფის ლიდერია. დღის მეორე შეხვედრაში ესპანეთის ნაკრები აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.