ავთანდილ ასათიანი - ვფიქრობ, მზად ვართ, ევრო 2022-ზე დებიუტი სიმბოლურ თარიღად ვაქციოთ #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ისთვის მზადებას ასრულებს და ხვალ სადებიუტო შეხვედრას გამართავს. გუნდი ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენშია დაბანაკებული.
მოახლოებულ პირველი შეხვედრამდე გუნდის მზადებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ისაუბრა.
„დიდი დრო დავუთმეთ ტაქტიკურ მომზადებას, განსაკუთრებით სტანდარტულ მდგომარეობაზე გვქონდა აქცენტი გამახვილებული. 5/4-ზე შეტევა, 5/4-ზე დაცვა. ვფიქრობ, რომ მზად ვართ ამ ისტორიული მატჩისთვის. თუ როგორ მოვემზადეთ, ამას თამაში გასცემს პასუხს. ბიჭებს გათავისებული აქვთ, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და მახარებს. ისტორიული თამაშის განწყობა დაძაბულობაში არ გადადის, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან კარგია. საწყისი წუთები მნიშვნელოვანი იქნება. ხვალ, იმ ტაქტიკურ დავალებებზე ვიმუშავებთ, რაც ასეთი თამაშების წინ ბოლო ვარჯიშებზე კეთდება. მიმაჩნია, რომ მზად ვართ, 22 იანვარი სიმბოლურ თარიღად ვაქციოთ“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.
კომენტარი საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემაც გააკეთა:
„აზერბაიჯანის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს, ეს ერთგვარი პლუსია. მათ ეს გამოცდილება აქვთ, ჩვენ კი არა. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ შემსრულებლებით უფრო კარგი გუნდი ვართ. ამ თამაშში თანაბარი შანსი აქვს ორივე ნაკრებს, ყველაფერს ნიუანსები გადაწყვეტს. ამ ყველაფრისთვის ვემზადებით, წინ კიდევ ერთი ვარჯიშია, ბიჭები კარგ ფორმაში არიან და მზად ვართ პირველი თამაშისთვის“.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის D ჯგუფში ასპარეზობს. პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 22 იანვარს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის, 26 იანვარს, 20:30 საათზე შედგება. საქართველო-აზერბაიჯანის მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.