ავთანდილ ასათიანი - საქართველოს ნაკრების პროგრესზე ის მეტყველებს, რომ ევროპის რეიტინგში მეცხრე ადგილზე დავწინაურდით #1TVSPORT
ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტრაუნდში საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები 8 ივნისს გაირკვევა, გუნდი კი პლანეტის მთავარ ტურნირზე მოხვედრას იმედოვნებს, – ამის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.
„8 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართება. მანამდე კი ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც საქართველოს ნაკრების პროგრესზე მეტყველებს – ჩვენ მეორე კალათაში მოვხვდით. წინა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეოთხე კალათაში ვიყავით და მოკლე პერიოდში ეს წარმოუდგენელი წინსვლაა.
ელიტრაუნდის თამაშები სექტემბერში დაიწყება და უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს წინსვლა გრძელდება. სხვათა შორის, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე რომ გავედით, ბევრს ეგონა, ჩავარდნა დაიწყებოდა, მაგრამ ევრო 2022-ის შემდეგ 12 თამაში ჩავატარეთ და ერთი არ წაგვიგია – ათი მოვიგეთ და ორი ფრედ დავასრულეთ. ახალ მოთამაშეებს ჩვენი ჩემპიონატიდანაც თამამად ვათამაშებთ, რადგან ევრო 2022-ზე გასვლა საქართველოს ჩემპიონატის დონეზეც აისახა.
ახლა ჩვენი ნაკრები სულ სხვა დონეზეა, ვიდრე 10 წლის წინ. ამაზე კონკრეტული ციფრები მეტყველებს – ევროპის რეიტინგში მეცხრე ადგილზე დავწინაურდით, ხოლო მსოფლიო რეიტინგში – მე-20-ზე. არადა, სულ რაღაც 7 წლის წინ, 2016 წელს ევროპაში 26-ე ვიყავით და მაშინ ევროპის ჩემპიონი იტალია გახდა, რომელიც ფუტსალში კონტინენტის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ახლა კი ისინი მე-11 ადგილზე არიან და ჩვენ გადავასწარით“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ავთანდილ ასათიანმა.