ავთანდილ ასათიანი - რუსეთის ნაკრები ძლიერია, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ მოედანზე ჩვენც ძალა ვართ #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანმა საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მზადებაზე ისაუბრა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში დღეს, პირველ თებერვალს რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
გრონინგენში ჩატარებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდი ამსტერდამში ჩავიდა და მატჩამდე ერთი დღით ადრე შეხვედრის მასპინძელ „ზიგო დომის“ არენაზე ივარჯიშა. ჩემპიონატის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მეოთხედფინალური ეტაპის მატჩებს დაახლოებით ათასი გულშემატკივარი დაესწრება.
„განწყობა კარგია. გვაქვს საბაბი, რომ თავაწეულებმა ვითამაშოთ. ბიჭებმა მართლაც ძალიან ბევრი გააკეთეს საკუთარი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ეს უნდა დაგვეხმაროს. როცა ამაყი ხარ, დიდი ალბათობაა, რომ უკეთ ითამაშო. რუსეთის ნაკრები ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. ყველას გვესმის, რომ ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება, თუმცა ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვექნება. შევისწავლეთ რუსეთის პლუსები და, ჩვენთვის სამწუხაროდ, ძალიან მცირე მინუსები აქვთ. უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ, რათა მაქსიმალურად ჩავერთოთ თამაშში და ვაჩვენოთ, რომ მოედანზე ჩვენი მხრიდანაც იმყოფება ძალა“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილაპარაკა იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც ტრავმები აწუხებდათ და თამაშზე ტრიბუნებზე გულშემატკივრების დაბრუნებას დადებითად შეაფასა:
„ზვიად კუპატაძე მზადყოფნაშია, ხოლო ელისანდრო დღეს ივარჯიშებს და თავად შეამოწმებს, შეუძლია თუ არა თამაში. იმედი გვაქვს, ის ჩვენთან ერთად იქნება მოედანზე. გულშემატკივართა კონკრეტული რაოდენობა არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მინიმალური შანსის შემთხვევაშიც, ქომაგები აუცილებლად გვერდში დაგვიდგებიან. პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე და როგორც არ უნდა იმოქმედოს ამ ფაქტმა ჩვენზე, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ტრიბუნებზე გულშემატკივრების დაბრუნებას“.
ავთანდილ ასათიანის თქმით, გუნდის მიღწეული შედეგით ამაყობს:
„დიდი გზა გავიარეთ აქამდე. კიდევ ერთი ისტორია დავწერეთ ქართულ ფუტსალში. ხვალინდელი მატჩი ამის კიდევ ერთი მაგალითი იქნება. ამდენი წლის შემდეგ, ეს ბიჭები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალს ითამაშებენ. სასწაული გრძნობაა და ყველას გათავისებული აქვს, რა დონის მეტოქე გვყავს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მოედანზე. სხვა გზა არ გვაქვს. ზედმეტი წნეხიც მოხსნილია, რადგან ნაკრები რვა საუკეთესო გუნდშია შესული. საინტერესო გამოწვევაა, რათა ვნახოთ, რა ეტაპზე ვართ და რამდენად მზად ვართ ასეთი დონის გუნდებთან სათამაშოდ“.
1 თებერვალი. ამსტერდამი. ¼-ფინალური მატჩები
20:00
რუსეთი – საქართველო
23:00
ესპანეთი – სლოვაკეთი
საქართველოს და რუსეთის მატჩი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტს გამოავლენს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. საქართველოს და რუსეთის მატჩის გამარჯვებული 4 თებერვალს ნახევარფინალში ამსტერდამში უკრაინას შეხვდება.