ავთანდილ ასათიანი - მეოთხედფინალისკენ ვიყურებით და ესპანელებთან ბალანსი უნდა დავიცვათ #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს, 29 იანვარს ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.
„განწყობა, როგორც ყოველთვის, საბრძოლოა. ხვალინდელ შეხვედრაში პირველი ადგილის ბედი წყდება. საქმე ძალიან რთულ მეტოქესთან გვაქვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც და ბოსნია-ჰერცეგოვინაც ძლიერი გუნდები არიან, თუმცა ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია. დასაკარგი არაფერი გვაქვს და უნდა ვეცადოთ, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ, რადგან მეორე პოზიცია უკვე გარანტირებული გვაქვს. ეს ფსიქოლოგიურად გვეხმარება და კარგ ხასიათზე ყოფნის საშუალებას გვაძლევს. ზედმეტი წნეხის გარეშე კი, დიდი ალბათობაა, რომ უკეთ ვითამაშოთ. ელისანდროს თაობაზე ექიმების დასკვნას ველით. ამის შემდეგ გვეცოდინება რისი იმედი შეიძლება გვქონდეს“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ თამაშის ტაქტიკას შემდეგი ეტაპის თამაშის გათვალისწინებით ჩაატარებს.
„ნაწილობრივ მაინც მეოთხედფინალისკენ ვიყურებით. რამდენიმე მოთამაშეს მიკრო-ტრავმა აქვს, რამდენიმეს – ბარათი. ასე რომ, ბალანსი უნდა დავიცვათ, რომ ამ თამაშმა კარგ შედეგამდე მიგვიყვანოს. ვეცდებით, მოვიპოვოთ ის ქულა, რომელიც პირველ ადგილზე გასვლის საშუალებას მოგვცემს, თუმცა როდესაც უკვე გასული ხარ, არ შეიძლება მთელი ენერგია და ძალა აქ ჩავტოვოთ. სიფრთხილე გვმართებს, თუმცა როდესაც ესპანეთის დონის მოწინააღმდეგე გყავს, ძალების დაზოგვით თამაში ძალიან ძნელია. ასე რომ, ბალანსი უნდა ვიპოვოთ. მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი უნდა ვეცადოთ“.
ასათიანმა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვიცით, რომ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში C ჯგუფის მეორეადგილოსანს შევხვდებით, ხოლო მარცხის შემთხვევაში რუსეთთან მოგვიწევს თამაში. ესპანეთის მსგავსად, რუსეთიც ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ასარჩევად საქმე არ გაქვს. პირიქით, აქ ყოფნა დიდი ბედნიერებაა და ძლიერ მეტოქეს უბრალოდ ვერ ავცდებით“.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დასკვნით შეხვედრას ესპანეთის ნაკრებთან გრონინგენის „მარტინი პლაზაში“ გამართავს – საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკვე გასულია და ჯგუფში პირველ ადგილს ქულის მოპოვების შემთხვევაშიც დაიკავებს. საქართველო-ესპანეთის შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:30 საათზე შემოგთავაზებთ.