ავთანდილ ასათიანი - მეამაყება საქართველოს ნაკრები, ეს ჩვენთვის ისტორიული მიღწევაა, თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ #1TVSPORT
„მე მიყვარს ეს გუნდი, რადგან ჩემი ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებდნენ ჩემთვის“, – ასეთი იყო საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის პირველი სიტყვები ევრო 2022-ის მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ.
ჩვენი ეროვნული გუნდი მეოთხედფინალში დაძაბულ ბრძოლაში რუსეთთან 1:3 დამარცხდა, მაგრამ ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
„რუსეთის ნაკრები ტოპ გუნდია და ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მეოთხედფინალში ვითამაშეთ. ჩვენ პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე და ეს ჩვენთვის ისტორიული მიღწევაა. თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.
ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, ევრო 2022-ზე მოხვედრა საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის უდიდესი შედეგია:
„დღეს ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერ ნაკრებთან შეგვიძლია კონკურენცია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ დიდ წარმატებას. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ცოტამ თუ იცოდა, ახლა კი ბევრმა გულშემატკივარმა გაიცნო. ცოტას ეგონა, რომ ჩვენ შეგვეძლო მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რაც ნიდერლანდებში დავაფიქსირეთ“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მეათედ ითამაშებს. უფრო მეტჯერ ამ ეტაპამდე მხოლოდ ესპანელებმა მიაღწიეს.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს გათამაშება ისტორიული სხვა კუთხითაც იყო – გუნდმა მეთხედფინალში მე-13 მატჩი ჩაატარა საკვალიფიკაციო ეტაპის გათვალისწინებით.