ავთანდილ ასათიანი - ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რადიკალურად სხვა გუნდი ვართ #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რადიკალურად სხვა გუნდი ვართ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლატვიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩზე, რომელშიც გიორგი ჩიმაკაძის მიერ ბოლო ორ წუთში შესრულებული დუბლის წყალობით 2:2 დასრულდა.

„ლატვია შეგნებულად შევარჩიეთ, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია. ბიჭებმა მებრძოლი სულისკვეთება გამოავლინეს. ბევრი მომენტი გვქონდა და მათ რეალიზებაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

კარგია, ახალ საფეხურზე ავდივართ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რადიკალურად სხვა გუნდი ვართ და ვფიქრობ, ბიჭებმა გულშემატკივარს აჩვენეს, რომ შეგვიძლია თამაში. გვინდა, დეკემბრის ოფიციალური თამაშებისთვის შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და უნდა ვეცადოთ იმ შედეგის განმეორებას, რაც 2022 წელს ვაჩვენეთ.

მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო – ტრიბუნაზე ძალიან მაგარი გარემო იყო და მიმაჩნია, რომ ბოლო წუთებზე ორი გოლი სწორედ გულშემატკივარმა გაგვატანინა. ვფიქრობ, მეორე თამაშიც საინტერესო იქნება. მინდა შანსი სხვა ფეხბურთელებსაც მივცე და საქმეში ვნახო“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

კომენტარი მატჩის გმირმა, გიორგი ჩიმაკაძემაც გააკეთა:

„თამაში ზუსტად ისეთი დაძაბული გამოვიდა, როგორსაც ველოდები. ლატვია კარგი გუნდია და ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა“.

საქართველოს და ლატვიის მეორე ამხანაგური მატჩი 7 ნოემბერს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.