ავთანდილ ასათიანი - ევრო 2022-მდე გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან კარგ განწყობას გვიქმნის #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ასრულებს, თბილისის სპორტის სასახლეში ამხანაგური მატჩი ტაჯიკეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა. პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და 2:2 დასრულდა. მასპინძლებიდან თავი ელისანდრომ და თალესმა გამოიჩინეს. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების უპირატესობა გამოიკვეთა და შოთა თოფურიას, თალესის, ნიკოლოზ კურტანიძისა და არჩილ სებისკვერაძის გოლებით ავთანდილ ასათიანის გუნდმა 6:2 გაიმარჯვა.
მატჩის შემდეგ კომენტარები საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელმა და კაპიტანმა გააკეთეს:
ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „კარგია, რომ გავიმარჯვეთ, რადგან ეს ფსიქოლოგიურად ძალიან კარგ განწყობას გვიქმნის. მეორე ისაა, რომ გუნდს ეტყობოდა, ბევრი ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო. პირველ ტაიმში რაღაცები არ გამოგვივიდა, რაღაცები კი მეორე ნახევარში შედარებით უფრო გამოვასწორეთ. ბოლო რეპეტიცია ტაჯიკებთან განმეორებით შეხვედრაში გვექნება და ტაქტიკური მონახაზები კარგად უნდა დავამუშავოთ, რადგან შვიდ დღეში ევროპის ჩემპიონატზე თამაშები გველის. მე ვფიქრობ, ამ თამაშისთვის მზად უნდა ვიყოთ“.
ზვიად კუპატაძე, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე: „6:2 კარგი ანგარიშია, მაგრამ ადვილი თამაში არ იყო. რაღაცები გამოვცადეთ სტანდარტულებზე. მწვრთნელმა ყველას მისცა თავის გამოჩენის საშუალება და ვხედავთ, ვინ როგორ ფორმაშია – მოედანზე ყველაფერი ჩანს. მოსამზადებლად დიდი დრო არ გვაქვს, – ეს პრობლემა არის ჩვენს წინაშე. მცირე დროში ყველაფერი უნდა დავამუშავოთ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე შეცდომას არ გვაპატიებენ“.
საქართველოს ნაკრები ტაჯიკეთს მეორე ამხანაგურ მატჩში დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში მეორედ დაუპირისპირდება. 19 იანვარს გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს. ჯგუფურ ეტაპზე ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები აზერბაიჯანს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.