ავთანდილ ასათიანი - დიდი მუშაობა დაგვჭირდება, რადგან ამაყ მოთამაშეს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატისთვის მზადება წილისყრის შედეგების გაცნობის შემდეგ დაიგეგმება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის ფინალურ ეტაპზე „დ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნიის ნაკრებები.
ავთანდილ ასათიანი: „ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ამხანაგური შეხვედრები დიდი ხნის წინ დავგეგმეთ. ორსაც მატჩი უკვე ჩავატარეთ, ორსაც რუმინეთის ნაკრებთან ნოემბერში ვთამაშობთ. დეკემბერში უფრო დიდი ფანჯარაა და ოთხი საკონტროლო მატჩი გვექნება. ეს იმისთვის კეთდება, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადოთ.
– წილისყრამ დაგვანახა, როგორი სისტემით მოთამაშე ნაკრებებთან ჯობს საკონტროლო შეხვედრების გამართვა. ბოსნიასთან არ გვითამაშია, მაგრამ სერბეთ-რუმინეთის საკმაოდ ძლიერი ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და ესეც მეტყველებს, რომ ძლიერი გუნდია. ესპანეთს ცოტა ხნის წინ მსოფლიოს შესარჩევში შევხდით და მის დონეზე არაფერს ვიტყვი. აზერბაიჯანში ბევრი ბრაზილიელი ჰყავთ – მათთან ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ასე რომ, სერიოზული მომზადება დაგვჭირდება.
– ჩვენ ისე უნდა მოვემზადოთ, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყოთ, ვისთან როგორ ვითამაშოთ. თანახმა ვარ, ვიყო აუტსაიდერი, მაგრამ წილისყრაზე პირადი საუბრებიდან დავასკვენი, რომ მეოთხე კალათიდან ყველაზე არასასურველი ნაკრები საქართველო იყო და გვაქებდნენ, რომ დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ეს თამაშით უნდა დავამტკიცოთ.
– ფსიქოლოგიურად დიდი მუშაობა დაგვჭირდება, რადგან ამაყ მოთამაშეს ბევრად მეტის გაკეთება და ჩვენება შეუძლია, მაგრამ ქართველებს ეს გვახასიათებს და სიამაყე მეტიჩრობაში არ უნდა გადაგვივიდეს. თორემ ამას შეუძლია უფრო უკან გადაგაგდოს, ვიდრე მაშინ, როდესაც საქმეს იწყებდი“.