ავთანდილ ასათიანი - დღეს უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ რეალიზაცია ვერ შევძელით #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოსა და ყირგიზეთის ფუტსალის ნაკრებების მეორე შეხვედრაზე, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა დეკემბერის ოთხი საკონტროლო მატჩი ჩაატარა – სერბეთთან ერთი მატჩი ფრედ დაასრულა, ერთი მოიგო (1:1, 4:3), ხოლო ყირგიზეთთან პირველი წააგო და მეორეში ფრეს (1:2, 2;2) დასჯერდა.
„ეს ოთხი თამაში ძალიან სასარგებლო იყო, რადგან ჩვენი დადებითი მხარეც გამოჩნდა და უარყოფითიც. ევროპის ჩემპიონატამდე ასეთი ტესტ-მატჩები ძალიან სასარგებლოა. ვეთამაშეთ სერბეთს, რომელიც ძლიერი ნაკრებია. მინდოდა, ამ მატჩებში გუნდის პლუს-მინუსები დამენახა.
ბევრი ფეხბურთელი გამოვიძახე, რადგან 6 დღეში 4 მატჩის ჩატარება ძალიან რთულია. მწვრთნელებს ყველა მოთამაშის საქმეში ხილვა გვსურდა. ამ კუთხითაც კარგად ვიმუშავეთ, რადგან ვინც გვაინტერესებდა, ყველას დავაკვირდით. მახარებს, რომ გუნდში კონკურენციაა.
დღევანდელ შეხვედრაში იმდენი მომენტი შევქმენით, სამ თამაშს ეყოფოდა, მაგრამ მიზერული რეალიზაცია გვქონდა. ფაქტია, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს.
იანვარში კიდევ გვაქვს საკონტროლო შეხვედრა, სადაც ჩამოყალიბებული შემადგენლობით ვითამაშებთ და იმ დროისთვის ფორმის პიკში უნდა ვიყოთ“.