30 იანვარს, ახალ სპორტის სასახლეში, ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება.
საქართველოს ნაკრები „დ” ჯგუფში გერმანიის, დანიისა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა სანაკრებო მზადებასა და პერსპექტივაზე ილაპარაკა.
„ბევრს არ სჯეროდა, ფუტსალის ნაკრები წარმატებული თუ იქნებოდა. ამაისთვის დიდი შრომა დაგვჭირდა. ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა, უფრო სწორედ – ნახევარი ნაბიჯი. რწმენა თამაშიდან თამაშამდე მოდიოდა. ბოლო მომენტში რუმინელებთან ისეთ მომენტში დავმარცხდით, სადაც არ უნდა წაგვეგო. მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია. ახლა ბიჭებმა ირწმუნეს, რომ ამ სახეობაში რაღაც შეგვიძლია, რისთვისაც ამდენი წელია ვშრომობთ“ – ამბობს ასათიანი.
მისი თქმით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან რთული სისტემის შედეგადაა შესაძლებელი:
„მსოფლიოზე მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე. უნდა გაიარო სამი ეტაპი, ევროპაზე კი ბევრად ნაკლებია საჭირო. ყველას გათავისებული გვაქვს, რომ ამ ცხოვრებაში ადვილი არაფერია. ამიტომ ჩვენ მუშაობისთვის მზად ვართ. ეს არავის ეზარება და ამ საქმისთვის თავი გვაქვს გადადებული“.