ავთანდილ ასათიანი - ავსტრიასთან გულშემატკივრების გარეშე თამაშს ვერ შემოვატრიალებდით #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში ავსტრიასთან მატჩზე, რომელშიც საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მესამე გამარჯვება იზეიმა – 6:4.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა ავსტრიასთან უხვგოლიან შეხვედრაში 6:4 გაიმარჯვა, ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს და მინიმუმ მეორე ადგილი გარანტირებული აქვს. მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გუნდი 2023 წლის 7 მარტს, მეორე ადგილზე მყოფი ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.
„მთავარი მიზანი შევასრულეთ და ცხრა ქულა გვაქვს, რაც 99 პროცენტით ელიტ-რაუნდის საგზურს გვაძლევს. თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. თამაშამდე არაერთხელ ვთქვი, რომ მოწინააღმდეგის დაფასება აუცილებელია და სატურნირო ცხრილმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს.
საბოლოო ჯამში, კარგია, რომ გავიმარჯვეთ, 9 ქულა ცოტა თავისუფლების საშუალებას გვაძლევს. ბოლო ტურში გადაწყდება პირველი ადგილის ბედი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან.
მინდა აღვნიშნო ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა. არ მეგონა, თუ ამდენი ადამიანი დაგვიჭერდა მხარს. დარწმუნებული ვარ, მათ გარეშე ამ თამაშს ვერ შემოვატრიალებდით. დიდი მადლობა ჩემი და ბიჭების სახელით. ერთად უნდა მოვიგოთ, რადგან გულშემატკივრების გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ“, – აცხადებს საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.