ავთანდილ ასათიანი - ამხანაგურ მატჩის მოგება კარგია, მაგრამ მთავარია, ევროშესარჩევისთვის მოვემზადოთ #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და მოთამაშემ, საბა ტყეშელაშვილმა კომენტარი გააკეთეს თბილისის სპორტის სასახლეში აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაზე, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქე გიორგი ღავთაძის დუბლით და საბა ტყეშელაშვილის გოლით დაამარცხა.
„ფაქტია, რომ მომენტების რეალიზებაში მოვიკოჭლებთ, რაზეც სამუშაო გვექნება. კარგია, რომ მოვიგეთ, მაგრამ მთავარი მიზანი დეკემბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის კარგად მომზადებაა. ეს ამხანაგური თამაშები ზუსტად ამ ოფიციალურ მატჩებს ემსახურება, რომ რეალიზაციაში კითხვის ნიშნები საერთოდ არ დარჩეს.
კარგია, რომ ბურთს ვფლობდით, ვაკონტროლებდით და ვდომინირებდით – ეს აშკარად ჩანდა, მაგრამ ორი გოლი გავუშვით და მეორე შეხვედრისთვის უნდა ვიმუშავოთ, ასეთი შეცდომები რომ არ გავიმეოროთ. კარგია ისიც, რომ გრძელი „სკამი“ გვაქვს. ამიტომ ახალგაზრდებს მინდა შანსი მივცე, რათა გვაჩვენონ, რა შეუძლიათ“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.
საბა ტყეშელაშვილი: „საკმაოდ კარგი მატჩი გამოვიდა. ბოლოს იყო დაძაბული მომენტებიც, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. აზერბაიჯანის ნაკრები კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდია, მაგრამ ყველანაირად შევეცდებით, რომ შემდეგი თამაშიც ასეთი შედეგით დასრულეს“.
ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 16 აპრილს გამართავს. მატჩი კვლავ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.