ავსტრიულმა გამოცემამ „შტურმში“ კიტეიშვილი გამოარჩია - ის უფრო ეფექტური გახდა
ავსტრიულმა გამოცემამ abseits.at-მა 2019/20 წლების სეზონში გრაცის „შტურმის“ გამოსვლა განიხილა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გუნდის საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში მეორე ადგილზე დაასახელა.
სეზონში ყველაზე შედეგიანი კირილ დესპოდოვი იყო, რომელმაც რვა გოლი გაიტანა, ხოლო კიტეიშვილმა ბექიმ ბალაისთან ერთად ექვსი გოლით მეორე-მესამე ადგილები გაინაწილა. 24 წლის ქართველი ნახევარმცველი საგოლე გადაცემით მესამე ადგილზეა – ის ექვსი გოლის ასისტენტი იყო. რვა გადაცემით პირველზე ტორსტენ რეჰერია, მეორეზე კი 7 პასით დესპოდოვი. რეჰერმა შემოდგომაზე კარგად ითამაშა, მაგრამ შემდეგ მნიშვნელოვნად მოუკლო. მუდმივად კი შემადგენლობა ორი ლეგიონერი იყო – დესპოდოვი და კიტეიშვილი.
„ქართველი ლეგიონერი ოთარ კიტეიშვილი ერთ-ერთი იშვიათია იმ მოთამაშეებიდან, ვინც გუნდის მიერ სუსტად ჩატარებულ 2019/20 წლების სეზონში კარგად ითამაშა. ახლა ამიტომაც არის საერთაშორისო დონეზე უფრო სასურველი მოთამაშე, ვიდრე სეზონის წინ. ნახევარმცველი მოედნის ცენტრში ბევრს მუშაობდა და უფრო ეფექტური გახდა. ის არის ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერსაც შეეძლო ზაფხულში „შტურმის“ ბიუჯეტისთვის ცოტა შვება მაინც მოეტანა“, – წერს გამოცემა.
თუმცა, გუნდის სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი იმედოვნებს, რომ ოთარ კიტეიშვილი „შტურმს“ არ დატოვებს.
„შესაძლოა, ოთარ კიტეიშვილი დარჩეს. ის ამ საკითხს ძალიან მშვიდად უდგება, თანაც ჩვენთან კონტარქტი აკავშირებს“, – ამბობს შიკერი.