ავსტრიულმა გამოცემამ კიტეიშვილს „ქართველი მესი“ უწოდა - ამ ჯადოქართან ერთად, „შტურმი“ არ აგებს #1TVSPORT
გრაცის „შტურმში“ ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ოთარ კიტეიშვილი გუნდის წარმატების გარანტიაა – ასე აფასებს გუნდისთვის ქართველი ნახევარმცველის როლს პოპულარული ავსტრიული გამოცემა krone.
26 წლის ნახევარმცველი თითქმის ექვსთვიანი პაუზის შემდეგ „შტურმს“ „კლაგენფურტთან“ (3:1) შეხვედრაში დაუბრუნდა, ბოლო ტურში კი გუნდმა მისი შესანიშნავი გადაცემით „ავსტრიასთან“ მოგება მოახერხა.
„ახლახან „შტურმმა“ წალეკა ავსტრიის ბუნდესლიგა, „კლაგენფურტი“, „ვოლფსბერგერი“ და „აუსტრია“. ბევრი უკვე ხედავს, რომ გრაცელები აღმავალ გზაზე დგანან – ამას ხელს მრავალი ფაქტორი უწყობს. ერთ-ერთი გუნდის ჯადოქარი ოთარ კიტეიშვილია – გუნდმა სამივე თამაში მოიგო მას შემდეგ, რაც ოთარ კიტეიშვილი (რომელმაც „აუსტრიასთან“ სტანკოვიჩს გაატანინა) ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. „ქართველ მესისთან“ ერთად, რომელიც ახარებს გულშემატკივრებს, გრაცელები არ აგებენ. მან 11-ჯერ ითამაშა და „შტურმმა“ 9 მატჩი მოიგო. მასთან ერთად (5-ბალიან სისტემაში) „შტურმის“ საშუალო ქულაა 2,35, მის გარეშე – 1“, – წერს გამოცემა krone.
„აუსტრიასთან“ გატანილი ერთადერთი გოლის ავტორმა, „შტურმის“ სლოვენიელმა ლეგიონერმა ჯონ გორენც სტანკოვიჩმა „სქაი ავსტრიას“ გადაცემაში სტუმრობისას კიტეიშვილის როლზე ისაუბრა.
„ვენის „აუსტრიასთან“ გოლი ოთარ კიტეიშვილის გადაცემით გავიტანე. ასეთი შესანიშნავი პასის შემდეგ კარის აღება ადვილი იყო, რადგან მეკარესთან მარტო დავრჩი. ახლა ოთარი დაბრუნდა და ხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის. ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის“.