ავსტრიული მედია - „ჯადოქარმა“ კიტეიშვილმა ოქროს გოლით „შტურმს“ უდიდესი სიხარული მიანიჭა [ვიდეო] #1TVSPORT
გრაცის „შტურმმა“ ნიდერლანდური „ფეიენოორდი“ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპის მეხუთე ტურში ოთარ კიტეიშვილის გოლით 1:0 დაამარცხა და პლეიოფში გასვლის შესანიშნავი შანსი გააჩნია.
ავსტრიული გამოცემების შეფასებით, ქართველი ნახევარმცველმა გადამწყვეტი როლი არა მხოლოდ გამარჯვების გოლით შეიტანა, მოედანზე შესვლისთანავე (56-ე წუთზე) კონკურენტ „ფეიენოორდთან“ თამაში შეცვალა, გოლი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ 90+3-ე წუთზე გაიტანა.
„კრონე“, ავსტრია
„მატჩის ემოციური გმირი კიტეიშვილი იყო – ევროთასების ღამე დიდებული გამოდგა: როცა მატჩი 0:0 უნდა დასრულებულიყო, „შტურმმა“ ფავორიტი „ფეინოორდი“ მაინც დაამარცხა. ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო მატჩში „მერკურ არენაზე“ ქარიშხალი 93-ე წუთზე ატყდა: ჯადოქარმა ქართველმა კიტეიშვილმა ოქროს გოლით „შტურმს“ უდიდესი სიხარული მიანიჭა – კრისტიან ილცერის გუნდი სენსაციის ავტორი გახდა. ამ საქმეში დიდი ხნის განმავლობაში ტრავმებით გატანჯულმა ქართველმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ახლა, „მიდტიულანდთან“ მატჩია დარჩენილი და გრაცელებს პლეი ოფში გასვლა შეუძლიათ“.
„სქაი სპორტ ავსტრია“
„შესვენების შემდეგ თამაში მთლიანად შეიცვალა. „შტურმში“ შეცვლაზე ორი მოთამაშე შევიდა – ემეგა და კიტეიშვილი, რომლებმაც თამაშში დიდი იმპულსი შეიტანეს. გრაცელებმა შეძლეს სიტუაციის გამწვავება და „ფეიენოორდის“ კართან რამდენჯერმე სახიფათო მომენტი შექმნეს. „შტურმმა“ როტერდამში 0:6 მარცხის შემდეგ 9 მატჩი ჩაატარა და არც ერთხელ არ დამარცხებულა. მომავალ ხუთშაბათს „მიდტიულანდთან“ გასვლით მატჩისთვის დანიაში გაემგზავრება. ჯგუფში გამარჯვებაც შესაძლებელია, რაც მერვედფინალის საგზურს ნიშნავს. ფრის შემთხვევაში კი „შტურმი“ მინიმუმ მეორე ადგილს დაიკავებს და ევროპალიგის პლეი ოფში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მესამეადგილოსანს დაპირისპირდება“.