ავსტრიული გამოცემის შეფასება - „შტურმისთვის“ კიტეიშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა #1TVSPORT
გრაცის „შტურმის“ საშემოდგომო ეტაპზე გამოსვლა sturmnetz-მა შეაჯამა და გუნდის ლიდერები დაახასიათა. მათ შორის ოთარ კიტეიშვილი გამოარჩია.
25 წლის ქართველი ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის“ შეტევის საკვანძო მოთამაშეა. შემოდგომიდან სეზონის ნახევარი ტრავმის გამო გამოტოვა. თითქმის ყველა შეტევა მასზე გადიოდა და თავისი დრიბლინგით და სწრაფი იერიშებით მეტოქეებს დიდ საფრთხეს უქმნიდა.
ქართველმა 14 მატჩში 980 წუთი ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ოთხი გოლითა და ოთხი საგოლე გადაცემით. ევროპის ლიგის პლეიოფში გასვლაში გრაცელთა მეათე ნომერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
კიტეიშვილს „შტურმთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ჯერ კიდევ გასარკვევია, მოახერხებს თუ არა სეზონის მეორე ნახევარში კვლავ ფორმის აღდგენას და ძველებურად შესანიშნავ თამაშს. მაგრამ სასიამოვნოა, რომ სეზონის განახლებამდე ვარჯიში დაიწყო. კიტეიშვილის დონის ფეხბურთელი ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.