ავსტრიული გამოცემა ლოჩოშვილის ღირსეულ საქციელს გამოეხმაურა - 2008 წელს პუტინი მის სამშობლოშიც შეიჭრა [ვიდეო] #1TVSPORT
ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლუკა ლოჩოშვილმა მეტოქის მოთამაშე გადაარჩინა. „ვოლფსბერგერის“ ქართველი მცველის საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ „აუსტრიასა“ და „ვოლფსბერგერის“ (1:0) მატჩის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, შეჯახების დროს გეორგ ტეიგლის შემთხვევით სახეში მუხლი მოხვდა და გონება დაკარგა. საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა მეტოქეს სასწრაფო დახმარება აღმოუჩინა.
საბოლოოდ, ტეიგლი გამოჯანმრთელდა, მოედნიდან გავიდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. თანაგუნდელები და მეტოქეები კი გადაეხვივნენ ლოჩოშვილს და მადლობა გადაუხადეს სწრაფი ჩარევისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის.
ავსტრიული გამოცემა 90minuten წერილში („მეტი, ვიდრე უბრალოდ თამაში“) იმ ფაქტსაც აღნიშნავს, რომ თამაშის შემდეგ ლოჩოშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
„ლუკა ლოჩოშვილის რეაქცია ადასტურებს, რომ ყველა სპორტულ მეტოქეობაზე ბევრად მეტიც არსებობს. ქართველმა ამის შემდეგ უკრაინისადმი სოლიდარობაც გამოავლინა – მას მაისურზე ეწერა Stand with Ukraine – Stay strong („დადექი უკრაინასთან, იყავი მტკიცე“). ცნობისთვის: 2008 წელს პუტინი ლოჩოშვილის სამშობლოს წინააღმდეგ აგრესიას ხელმძღვანელობდა“, – წერს ავსტრიული გამოცემა.
მომხდარს საფეხბურთო სამყაროს დიდი გამოხმაურება მოყვა. სოციალურ ქსელში ლუკა ლოჩოშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:
„ძალიან ვაფასებ, რომ ფეხბურთი არის პატივისცემა და სამართლიანი თამაში. მნიშვნელოვანია, რომ „აუსტრიას“ მოთამაშე თავს კარგად გრძნობს და მისი სიცოცხლე გადავარჩინეთ. ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმას, რაც ახლა ხდება უკრაინაში – იქ ბევრი მეგობარი მყავს, რომელთაც ახლა ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვთ. ამიტომ გადავწყვიტე მათი მხარდაჭერა, რომ შეჩერდეს ომი – ყველა ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია!“, – წერს ლოჩოშვილი.