ავსტრიული გამოცემა - კიტეიშვილს შეუძლია, „შტურმი“ დატოვოს, მაგრამ კლუბს მისთვის საინტერესო წინადადება აქვს #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და, შესაძლოა, გრაცის „შტურმი“ დატოვოს. თუმცა კლუბის სპორტული დირექტორი გულშემატკივრებს ამშვიდებს, რომ ლიდერების შესანარჩუნებლად საინტერესო წინადადება აქვს, – ამის შესახებ წერილს ავსტრიული გამოცემა kleinezeitung-ი აქვეყნებს.
„ზაფხულში გრაცის „შტურმს“ საკადრო ცვლილებების თავიდან აცილება გაუჭირდება, იმის მიუხედავადაც, რომ უკვე მეხუთე სეზონია, ტრანსფერების თემას ოსტატურად აგვარებს. ფეხბურთელები უკვე ფიქრობენ მომავალზე.
მაისზე უფრო ცხელი საფეხბურთო თვე არ არსებობს. ამ დროს ჩემპიონების ვინაობა ირკვევა. „შტურმმა“ უკვე მოიგო ავსტრიის თასი, ახლა კი ავსტრიის ჩემპიონატის მოსაგებად იბრძვის. ეს იქნება შთამბეჭდავი შედეგი იმ გუნდისთვის, რომლის ძირითადი ბირთვიც რამდენიმე სეზონია უცვლელია.
„შტურმიდან“ წასვლის მსურველები არიან მოთამაშეები, რომლებიც დიდი ხანია თავიანთ მომავალზე ფიქრობენ. მაგალითად, სეზონის ბოლოს ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს გუნდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება შეუძლია. მაგრამ კლუბი მას საინტერესო რამეს უმზადებს. ასევე, ჩანს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივაც“, – წერს ავსტრიული გამოცემა.
kleinezeitung-ი აქვეყნებს „შტურმის“ ერთი-ერთი ლიდერის, დევიდ აფენგრუბერისა და სპორტული დირექტორის, ანდრეას შიკერის კომენტარებსაც.
„კიტეიშვილი და სხვები მალე თავისუფალი აგენტები გავხდებით. მაგრამ, ახლა ყველა ისტორიული შედეგის მიღწევას ვცდილობთ, რადგან ყოველ წელს დუბლის შესრულება რთულია. ყველაფერი ჩვენს ხელშია და წარმატებისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, – ამბობს გრაცელების ერთ-ერთი ლიდერი დევიდ აფენგრუბერი.
ანდრეას შიკერი: „არის წინაპირობა, რომ მომავალ სეზონში კვლავ ძლიერი გუნდი გვყავდეს და მხოლოდ მცირე ცვლილებები მოხდეს. თუ „შტურმი“ ჩემპიონი გახდება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშის უფლებას პირდაპირი გზით მოიპოვებს, ეს, შეიძლება, იყოს კარგი არგუმენტი ამა თუ იმ ფეხბურთელის დასარჩენად“.