ავსტრიული გამოცემა - კიტეიშვილი „შტურმისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა და, სავარაუდოდ, გუნდში აღარ დარჩება #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმისთვის“ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელშიც მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ მას კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერილი ავსტრიულმა გამოცემა laola1-მა გამოაქვეყნა და ბოლო ტურში „ჰარტბერგთან“ მის გოლზეც გაამახვილა ყურადღება, როდესაც ანგარიში გაათანაბრა და „შტურმს“ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
„სტატისტიკაც ადასტურებს, „შტურმის“ 10 ნომერი გუნდისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა. ამ სეზონში 24 მატჩში 13 გოლში მონაწილეობა ამაზე მეტყველებს. მაგრამ დარჩება თუ არა ის გრაცში?
მისი თანაგუნდელი დევიდ შნეგიც ქართველით აღფრთოვანებული დარჩა: „ეს არ არის პირველი და მეორე შემთხვევა. ვფიქრობ, კიტეიშვილი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს“.
28 წლის ფეხბურთელი მნიშვნელოვანი ფაქტორი არამხოლოდ მოედანზეა. თასის ფინალის შესვენების დროსაც, როცა „შტურმი“ „რაპიდთან“ 0:1 აგებდა, ქართველმა გასახდელში ხმა აიმაღლა და გუნდზე დადებითად იმოქმედა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამთამაშებელი გრაცის „შტურმში“ დარჩეს. 28 წლის ფეხბურთელს, რომელიც ავსტრიაში 2018 წლიდან თამაშობს, კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. გერმანიაში გამართულ ევრო 2024-ზე კიტეიშვილს ასევე ექნება შანსი, კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიპყროს.
კიტეიშვილი გრაცში ერთმა ფაქტორმა შეიძლება გააჩეროს – ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივამ. თუ „შტურმი“ ჩემპიონი გახდება, უეფა-ს მთავარ ტურნირზე გამოვა, მაგრამ ქართველმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, დარჩება თუ არა გრაცში: „ტიტულის მოგება მინდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყოფნის დროს ამას ჯერ ვერ მივაღწიე. ეს ჩვენი ოცნებაა და მასთან ძალიან ახლოს ვართ. უახლოესი ორი კვირის მანძილზე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ“.
მისი კონტრაქტის გახანგრძლივება ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, გახდება თუ არა გუნდი ავსტრიის ჩემპიონი და თუ რამდენად წარმატებულად ითამაშებს კიტეიშვილი ევრო 2024-ზე“, – წერს ავსტრიული გამოცემა.