ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე ქართველიც ითამაშებს - ლევან ელოშვილის „გრაცერი“ ლიგა 2-ის ჩემპიონია #1TVSPORT
ლევან ელოშვილის „გრაცერმა“ ავსტრიის ლიგა 2-ში ლუკა პარკაძის „ადმირა ვაკერს“ უმასპინძლა, 1:0 დაამარცხა და ბუნდესლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
ლიგა 2-ის 26-ე ტურის შეხვედრა არცერთ ქართველს არ ჩაუტარებია, რადგან ორივე მათგანი ტრავმირებულია. „გრაცერმა“ სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 61 ქულა დააგროვა და კონკურენტი „რაპიდისთვის“ (47) მიუწვდომელია.
ლევან ელოშვილს ავსტრიაში წარმატებული კარიერა აქვს. ის 2022 წელს „გრაცერში” „კაპფენბერგერიდან“ საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით გადავიდა. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა და მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა.
რაც შეეხება ლუკა პარკაძეს, ფეხბურთელმა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში ინგლისურმა გაზეთმა, The Guardian-მა 2005 წელს მსოფლიოში დაბადებულ ტალანტებს შორის დაასახელა, სეზონი მიუნხენის „ბაიერნში“ დაიწყო. მალე ავსტრიაში სათამაშო პრაქტიკისთვის გაუშვეს, მაგრამ დაშავდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. პარკაძე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრია.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ბუნდესლიგაში ამჟამად საქართველოს ნაკრების ორი ნახევარმცველი თამაშობს – ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმში“, სანდრო ალთუნაშვილი კი – „ვოლფსბერგერში“.