ავსტრიაში ყველაზე ხისტი მოთამაშეები დაასახელეს - ლოჩოშვილი ბოლო 20 წლის ანტირეკორდსმენებშია #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიის ბუდესლიგაში ბოლო 20 წელიწადში მიღებული წითელი ბარათების რაოდენობით ერთ-ერთი რეკორდსმენია – სტატისტიკა ცნობილმა ინტერნეტ-გამოცემა „ლაოლამ“ გამოაქვეყნა.
„ბარათების შემგროვებლებს ფეხბურთში ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ცუდ ბიჭებს“ და „კლაგენფურტის“ ნახევარმცველი ტურგაი გემიჩიბაში ამ სეზონში ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. „ზალცბურგთან“ მატჩში (0:6) მიღებული წითელი ბარათით თურქ-გერმანელმა უარყოფითი რეკორდი დაამყარა. „ლაოლამ“ დააზუსტა სტატისტიკა და დაასკვნა: ბოლო 20 წლის განმავლობაში, ბუნდესლიგის არცერთ მოთამაშეს მასზე მეტი მინუს ქულა არ დაუგროვდა“, – წერს გამოცემა.
„ლაოლა“ აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ავსტრიის ბუნდესლიგაში ბევრი სხვა ხისტი მოთამაშის გამორჩევა შეიძლება და მათ შორის ქართველი მცველი დაასახელა.
„გასულ სეზონში სამჯერ არავინ გაუძევებიათ. ბოლოს ზედიზედ სამი წითელი ბარათი აჩვენეს ლუკა ლოჩოშვილს, მაგრამ ის ბოლო დროს შეცვლილია. მცირე ხნის წინ კი „აუსტრიას“ მოთამაშის, გეორგ ტეიგლის სიცოცხლე გადაარჩინა“, – წერს გამოცემა.
ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში სტატისტიკა გააუმჯობესა და მხოლოდ 4 ყვითელი ბარათი მიიღო. 3 წითელი ბარათი კი გასულ სეზონში მიიღო.