ავსტრალიის რაგბის კავშირში აცხადებენ, რომ ორგანიზაციას ისრაელ ფოლაუსთან ფინანსური გარიგებით თავისი პრინციპებისთვის არ უღალატია.
შეგახსენებთ, რომ ფოლაუ, რომელიც ავსტრალიის ნაკრების მორაგბე იყო, ქვეყნის რაგბის კავშირმა გუნდიდან მოკვეთა და ამის მიზეზი სოციალურ ქსელში ჰომოფობიური განცხადებების გაკეთება გახდა. ამის შემდეგ, მოთამაშემ რაგბის კავშირს სასამართლოში უჩივლა, განაცხადა, რომ რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა და კომპენსაციის სახით 14 მილიონი ავსტრალიური დოლარი (28 მილიონი ლარი) მოითხოვა.
საბოლოოდ, როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იუწყება, მხარეები გარკვეულ თანხაზე მორიგდნენ, რომლის ოდენობაც არ სახელდება.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ამ ქვეყანაში რაგბის წაადგება“, – განაცხადა ავსტრალიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა რეილინ ქესლმა სიდნეიში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. – „ჩვენ ერთგულები ვრჩებით ჩვენი ფასეულობებისა, რომელიც აბსოლუტურ ჩართულობას გულისხმობს ნებისმიერი ადამიანისთვის. კონფლიქტის სასამართლოში გადატანა არ იყო ამ თამაშის ინტერესებში და საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენთვის უფრო მისაღები იყო“.
შეგახსენებთ, რომ ფოლაუმ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ჯოჯოხეთში მოხვედრა ელით“.
მსგავსი კომენტარები მას ადრეც გაუკეთებია, რის გამოც მრავალჯერ იყო გაფრთხილებული.