ავსტრალიის მთავრობა ფანებს: სამჯერ დაფიქრდით, სანამ რუსეთში გაემგზავრებით
ავსტრალიის მთავრობამ ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც რუსეთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გამგზავრება სურთ.
“პოლიტიკური დაძაბულობის ზრდიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იცოდეთ მოსალოდნელი ანტიდასავლური განწყობების ან დევნის შესახებ. რუსეთში ყოფნისას, თქვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ უსაფრთხოებას.
შეინარჩუნეთ სიფხიზლე, მოერიდეთ ნებისმიერ პროტესტს ან დემონსტრაციას, აგრეთვე, პოლიტიკური მოვლენების საჯარო კომენტირებას. თუ რუსეთში გამგზავრება აუცილებლობა არ არის, ორჯერ და სამჯერ დაფიქრდით – ღირს თუ არა ამ ქვეყანაში წასვლა”, – ასეთია რეკომენდაციის ტექსტის ნაწილი.
ავსტრალია მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის, დანიისა და პერუს ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.