ავსტრალიის ღია - VII დღე - რაფაელ ნადალი მეოთხედფინალში იოლად გავიდა
კაცების ტურნირზე მეოთხედფინალური ეტაპის მეორე მონაწილე გახდა რეიტინგის მეორე ნომერი, ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელსაც იოლი გასეირნება გამოუვიდა ჩეხი ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგ – 6:0, 6:1, 7:6(4).
ესპანელმა მატჩი ზედიზედ ცხრა გეიმის მოგებით დაიწყო და 6:0, 3:0 დაწინაურდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო პირველი გეიმის მოგება ბერდიხმა. მან საკუთარი თამაშის დალაგება მხოლოდ მესამე სეტში მოახერხა, არც ერთხელ არ წააგო საკუთარი მოწოდება და მე-12 გეიმში სეტბოლიც ჰქონდა, თუმცა, ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო, სადაც ნადალმა 3:4-დან ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და შეხვედრაში საბოლოო წერტილი დასვა.
რაფამ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო ისე, რომ სეტი არ წაუგია და მეთერთმეტად ითამაშებს ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში. მისი შემდეგი მეტოქე ამერიკელი ფრენსის ტიაფო იქნება.