ავსტრალიის ღიაზე შესანიშნავი ფორმის დემონსტრირებას ახდენს მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი. ესპანელი მელბურნში ზედიზედ მესამე ავსტრალიელს ხვდებოდა და ზედიზედ მესამედ სამ სეტში მოიგო.
ამჯერად, ნადალს უპირისპირდებოდა მსოფლიო ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავად მონათლული ალექს დე მინორი, თუმცა ადგილობრივი პუბლიკის იმედმა დიდი წინააღმდეგობა ესპანელს ვერ გაუწია.
ნადალმა ჯამში 13 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, საკუთარ გეიმებში კი ოთხიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. ერთადერთი, რაც ნადალის თამაშში მოსაწონი არ იყო, უნებლიე შეცდომების რაოდენობაა. ეს რიცხვი 33-მდე ავიდა, რაც საკმაოდ ბევრია წინა მატჩში დაშვებული 14 შეცდომის ფონზე.
საბოლოოდ, ნადალმა 6:1, 6:2, 6:4 მოიგო ორ საათსა და 16 წუთში და მერვედფინალში ჩეხ ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდება.