ავსტრალიის ღია პირველობა შესაძლოა, დახურულ კორტებზე გაიმართოს
ავსტრალიის ღია პირველობა შესაძლოა, დახურულ კორტებზე გაიმართოს

ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრების გამო, ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა, შესაძლოა, ტურნირი დახურულ კორტებზე ჩაატარონ.

იმ შემთხვევაში, თუ სტიქია დაემუქრება მატჩების ჩატარებასა და მონაწილეთა უსაფრთხოებას, თამაშებს უმასპინძლებს რვა დახურული არენა და სამი სტადიონი მოძრავი სახურავით.

„მელბურნში არის საკმარისი რაოდენობით დახურული არენები. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ხანძრებისგან წამოსულმა კვამლმა ექსტრემალური პირობები შექმნას. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ავამოქმედოთ მოძრავი სახურავები და გავაგრძელოთ თამაში კონდიცირების პირობებში.

მოთამაშეების, გულშემატკივრებისა და პერსონალის ჯანმრთელობა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია და გადაწყვეტილების მიღებისას, სწორედ ამით ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა ტურნირის დირექტორმა კრეიგ ტილიმ.

უფრო ადრე, ავსტრალიის ღია პირველობის სტარტის გადატანის წინადადებით ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოვიდა.