ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირი რეიტინგის ლიდერის გარეშე დარჩა. საჩოგბურთო მარათონში, რომელიც ოთხ საათსა და 14 წუთს გაგრძელდა, ესპანელი რაფაელ ნადალი ოთხ სეტში დამარცხა ავსტრიელ დომინიკ ტიმთან – 6:7(3), 6:7(4), 6:4, 6:7(6).
პირველ ორ სეტში ნადალი წინ გადიოდა ბრეიკით, მაგრამ ორივეჯერ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა. პირველ პარტიაში ესპანელს საკუთარ მოწოდებაზე სეტბოლიც კი ჰქონდა, მაგრამ ტიმმა გადაარჩინა გეიმი. ორივე სეტის ტაი-ბრეიკზე ავსტრიელი აშკარად სჯობდა მეტოქეს.
მესამე სეტის პირველი ცხრა გეიმი ისე გათამაშდა, რომ ჩოგბურთელები ახლოსაც არ მისულან ბრეიკ-პოინტთან, მაგრამ მეათე გეიმი ტიმმა აშკარად ჩააგდო, ნადალმა ორმაგი სეტბოლი მოიპოვა და მეორე ცდაზე შეძლო სეტის მოგება.
მეოთხე პარტია ყველაზე დრამატული გამოვიდა. ნადალმა მეორე გეიმში სამი ბრეიკ-პოინტი გაანიავა, მომდევნო გეიმში კი ტიმმა ბრეიკი შეასრულა და მიუახლოვდა მატჩის მოგებას. ავსტრიელი ამ უპირატესობას კარგა ხანი ინარჩუნებდა, მაგრამ 5:4-ზე, როცა მატჩზე აწვდიდა და ნახევარფინალამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა, რაფაელმა უკუბრეიკი შეასრულა.
საბოლოოდ, ჩოგბურთელებს მესამე ტაი-ბრეიკის თამაში მოუწიათ. ტიმი ისევ დაწინაურდა და 6:4-ზე ორმაგი მატჩბოლი მიიღო. ნადალი აქაც არ დანებდა და ორივე საფრთხე მოიგერია, თუმცა, 6:6-ზე მორიგი მინი-ბრეიკი მისცა მეტოქეს და ტიმმა მესამე მატჩბოლი ხელიდან აღარ გაუშვა.
დომინიკ ტიმმა პირველი მოწოდებით ქულების 78 პროცენტი აიღო და 65 „ვინერსი” დააგროვა. ავსტრიელმა მეექვსე ცდიდან პირველად მოუგო ნადალს „დიდი სლემის” ტურნირებზე. შეგახსენებთ, რომ როლან გაროსის ბოლო ორ ფინალში ესპანელმა ორივეჯერ დაამარცხა ავსტრიელი.
ნახევარფინალში ტიმი გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 6:2-ს იგებს.
მეორე ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი შეხვდებიან ერთმანეთს. ტურნირის მოგების შემთხვევაში, ჯოკოვიჩი ნადალს გაუსწრებს და დაიბრუნებს ლიდერობას ATP-ის კლასიფიკაციაში.