მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღიას მამაკაცთა ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა. სერბმა იოლი გამარჯვებით დაასრულა რუსი ასლან კარაცევის ზღაპარი – 6:3, 6:4, 6:2. თამაში საათი და 55 წუთი გაგრძელდა.
პირველ სეტში ჯოკოვიჩმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ის გამოიყენა, რაც საკმარისი აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად. მეორე სეტშიც სერბი იოლად იგებდა – 5:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ რუსმა შეძლო მისთვის პრობლემების შექმნა. კარაცევმა ერთი უკუბრეიკი შეასრულა და მეორესთანაც ახლოს იყო, მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტის გამოყენება ვერ შეძლო და ჯოკოვიჩმა მესამე სეტბოლზე მოიგო მეორე სეტი.
მესამე სეტში კარაცევმა კიდევ ერთხელ უპასუხა ნოვაკს უკუბრეიკით, მაგრამ 2:2-დან სერბმა ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით დაასრულა მატჩი.
წინა თამაშებისგან განსხვავებით, ჯოკოვიჩს, ამჯერად, კარგი სტატისტიკა ჰქონდა: 17 ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 71 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 62 პროცენტი, შვიდიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, 30 „ვინერსი“ დააგროვა და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
2021 წელს, ჯოკოვიჩი დაუმარცხებლად თამაშობს – რვიდან რვა მოგება. სერბი „დიდი სლემის“ ტურნირების 28-ე ფინალში გავიდა და შეეცდება მე-18 ტიტულის მოგებას. მისი მეტოქე ფინალში პარასკევს, რუსი დანიილ მედვედევისა და ბერძენი სტეფანოს ციციპასის შეხვედრაში გაირკვევა.