ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ჩოგბურთელებს ახალი „მოთამაშეების სახლი“ დახვდებათ
ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ჩოგბურთელებს ახალი „მოთამაშეების სახლი“ დახვდებათ

ავსტრალიის ღიას დირექტორმა კრეიგ ტაილიმ განაცხადა, რომ მელბურნში მოთამაშეების ადგილსამყოფელი სრულიად შეცვლილია.

„იანვარში მოთამაშეები ტერიტორიაზე უზარმაზარ ცვლილებებს დაინახავენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო ნაგებობაა მოთამაშეებისთვის მსოფლიო სპორტში“, – მოჰყავს ტაილის სიტყვები ტურნირის ოფიციალურ საიტს. – „ჩვენ ახალი „მოთამაშეების სახლი“ გვაქვს, ეს არის ოთხსართულიანი შენობა როდ ლეივერის არენასთან. მოუთმენლად ველოდებით 2019 წლის დადგომას, რათა გავხსნათ იგი. აბსოლიტურად ყველაფრით – ახალი გასახდელებით, რესტორნებით და დასასვენებელი ადგილებით, სამედიცინო ზონებით და სავარჯიშო დარბაზებით არის აღჭურვილი ახალი შენობა, რათა მოთამაშეებს შეუქმნათ მაქსიმალური კომფორტი“.

ავსტრალიის ღია ჩემპიონატი 14 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით გაიმართება.