ავსტრალიის ღია 2020 - ნადალმა მესამე წრეში საჩემპიონო თამაში აჩვენა
რაფაელ ნადალმა მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა მესამე წრეში. ესპანელმა თავის თანამემამულეს პაბლო კარენიო ბუსტას საათსა და 38 წუთში სამ სეტში მოუგო – 6:1, 6:2, 6:4.
რაფამ შეუდარებელად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – პირველ ბურთზე ქულების 87 პროცენტი მოიგო, მეორეზე – 78 პროცენტი, მის მეტოქეს კი ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც კი არ მიუღია. გარდა ამისა, ნადალი თითქმის არ ცდებოდა მატჩში – მხოლოდ შვიდი უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ამასთან, 42 „ვინერსი” დააგროვა.
საინტერესოა ერთი სტატიტისკური მონაცემი – ნადალმა ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო ესპანელი მეტოქეების წინააღმდეგ.
რაფაელის მეტოქე მერვედფინალში ავსტრალიელი ნიკ კირგიოსისა და რუსი კარენ ხაჩანოვის შეხვედრაში გაირკვევა.