ავსტრალიის ღია 2020 - ნადალმა კირგიოსის წინააღმდეგობა გატეხა
ავსტრალიის ღია 2020 - ნადალმა კირგიოსის წინააღმდეგობა გატეხა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო მეოთხედფინალისტი გახდა. ესპანელმა სამი საათი და 42 წუთი ბრძოლის შემდეგ, ოთხი სეტში დაამარცხა ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი – 6:3, 3:6, 7:6(6), 7:6(4).

მიუხედავად ასეთი დაძაბული თამაშისა, ნადალს არ ჰქონია ცუდი სტატისტიკა. პირველ მოწოდებაზე ქულების 85 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 64. ცხრა ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ მხოლოდ ორი გამოიყენა. 64 “ვინერსი” ჰქონდა და არც ისე ბევრი უნებლიე შეცდომა (29) დაუშვა. კირგიოსმა მატჩი 25 ეისით დაასრულა და სამიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

რაც შეეხება თამაშის მსვლელობას, ნადალმა პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკით მოიგო, მეორე სეტის პირველივე გეიმში სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც კირგიოსმა მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტით მეტოქის გეიმი აიღო და ეს საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად. ეს იყო ამ ტურნირზე ნადალის პირველი წაგებული პარტია.

მესამე სეტში ბრეიკი არ ყოფილა და ტაი-ბრეიკაზე ოდნავ უკეთ ნადალი გამოიყურებოდა. მეოთხე სეტში რაფაელმა მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა და მშვიდად მიჰყავდა მატჩი მოგებამდე, მაგრამ მეათე გეიმში, როცა მატჩზე აწვდიდა, მოულოდნელად უკუბრეიკის საშუალება მისცა ავსტრალიელს და ისევ გახდა საჭირო ტაი-ბრეიკის თამაში, რომელიც ესპანელმა ძალიან დამაჯერებლად წარმართა და მეოთხედფინალში დომინიკ ტიმზე გავიდა.