ავსტრალიიდან სამხრეთ კორეაში - მიქელთაძე „გვანჯუში“ ითამაშებს #1TVSPORT
ბექა მიქელთაძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მონაწილე „გვანჯუში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
„გვანჯუ“ K ლიგა 1-ში ასპარეზობს, რომელიც სამხრეთ კორეის ფეხბურთის უმაღლესი ლიგაა, სადაც ქართველებიდან მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს. „გვანჯუ“ დაარსდა 2010 წლის დეკემბერში და პირველად K ლიგაში 2011 წელს ითამაშა. 2012 წელს გუნდი დაქვეითდა K2 ლიგაში, მაგრამ 2014 წელს ისევ დაწინაურდა და მას შემდეგ მთავარ ლიგაში გამოდის. ამჟამად გუნდი მეექვსე ადგილზეა.
ბექა მიქელთაძე ბოლოს ავსტრალიის „ნიუკასლ ჯეთსში“ თამაშობდა, ერთი თვის წინ კი თავისუფალი აგენტი გახდა. „ზეტაფონში“, „დინამო თბილისსა“ და „რუსთავში“ წარმატებული სეზონების შემდეგ მიქელთაძე კვიპროსში, ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გადავიდა. 2019 წლის 8 ივლისს კონტრაქტი გააფორმა რუსეთის პრემიერ ლიგის „რუბინთან“. შემდეგ იყო იჯარა ვოლგოგრადის „როტორში“, 2021 წლის 19 თებერვალს კი გადავიდა ბერძნულ „ქსანტიში“.
2021 წლის 6 ივლისს მიქელთაძემ ავსტრალიის A ლიგის „ნიუკასლ ჯეტსთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2022-23 წლების სეზონის დასასრულს დატოვა გუნდი, სადაც ყველა ტურნირზე 50 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მიქელთაძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს კანდიდატია. სულ „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში ორი მატჩი ჩაატარა.