ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო-ტექნიკური დახმარების პაკეტს გადასცემს
ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო-ტექნიკური დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ავსტრალიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ავსტრალია გააუქმებს გადასახადებს უკრაინულ საქონელზე და აკრძალავს რუსული ოქროს იმპორტს.
„უკვე გამოვყავით, ჯამში, 390 მილიონი დოლარი. ჩვენ ასევე გაძლევთ დამატებით 14 ჯავშანტრანსპორტიორს და 20 ერთეულ „ბუშმასტერის“ ტიპის ჯავშანმანქანას. ამრიგად, „ბუშმასტერის“ ჯავშანტექნიკის ჯამური რაოდენობა იქნება 60. ავსტრალია ასევე უზრუნველყოფს დამატებით სამხედრო აღჭურვილობას, უპილოტო თვითმფრინავებს და სხვა სამხედრო აღჭურვილობას, როგორც ამას უკრაინა მოითხოვს. ჩვენ ასევე გამოვაცხადებთ დამატებით ფინანსურ სანქციებს და მოგზაურობის აკრძალვას კიდევ 16 რუსი მინისტრისა და ოლიგარქისთვის… ჩვენ ავკრძალავთ რუსული ოქროს იმპორტს, რათა შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი ომი. ჩვენ ვუერთდებით კანადას, იაპონიას, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ამ სანქციებში. თუ პუტინს სურს დიდი ოცეულის შეხვედრაზე მოსვლა და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ამას გააკეთებს, მაშინ ექნება ისეთი მიღება, როგორსაც იმსახურებს – არამეგობრული: ის არ სცემს პატივს კანონის უზენაესობას მსოფლიოში და არ იქცევა ამ მსოფლიოს ღირებულებების შესაბამისად“, – აღნიშნა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენტონი ალბანეზის მიმართა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის აღდგენის პროექტში.
„პრემიერმა დაადასტურა დამატებითი გაძლიერებული დახმარების პაკეტი. ხვალ ლუგანოში უკრაინის აღდგენის კონფერენცია იწყება. უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სამუშაოების მოცულობა კოლოსალურია და კიდევ 2 000 დასახლება უნდა გათავისუფლდეს. მოვიწვიე ავსტრალია, მონაწილეობა მიეღო ჩვენი ქვეყნის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში და მადლობელი ვარ ამ მნიშვნელოვან პროექტში ჩართვის სურვილისთვის. ავსტრალია მხარს უჭერს ჩვენს სახელმწიფოს და საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, უკრაინას უწევს მნიშვნელოვან დახმარებას, კერძოდ, თავდაცვის სფეროში. ავსტრალია თავისი მოცულობით მოწინავე ქვეყნებს შორისაა. ჩვენმა დამცველებმა ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ავსტრალიურ „ბუშმასტერის“ ჯავშანტრანსპორტიორებს და ავსტრალიის სხვა სპეციფიკურ დახმარებას“, – თქვა ზელენსკიმ.