აუტსაიდერების მატჩი „თელავმა“ მოიგო - „გაგრას“ მდგომარეობა გართულდა #1TVSPORT
აუტსაიდერების მატჩი „თელავმა“ მოიგო - „გაგრას“ მდგომარეობა გართულდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ბოლო შეხვედრას „კავკასიონი არენამ“ უმასპინძლა – აუტსაიდერთა ბრძოლაში „თელავმა“ „გაგრა“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.

სტუმრები დასაწყისშივე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. ვიქტორ ვიერა ვიტინიოსთან უხეშობისთვის „გაგრას“ კაპიტანს, ვასილ ხოსიტაშვილს მთავარმა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა მე-5 წუთზე ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა.

„თელავმა“ რიცხობრივი უპირატესობა მალე გამოიყენა, მე-18 წუთზე გიორგი კვერნაძემ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, ილია ბერიაშვილმა მეკარეს დაასწრო, თავით ბურთი კარში გააგზავნა და მასპინძლები დააწინაურა.

საბოლოოდ, „თელავმა“ 1:0 მოიგო, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და ეროვნული ლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გასავარდნ ზონას 4 ქულით გადაასწრო, „გაგრა“ (29) კი ისევ მე-9 ადგილზეა და ურთულეს მდგომარებაშია.