ეროვნული ლიგის მერვე ტურის მეორე სათამაშო დღეს აუტსაიდერების დაპირისპირება შედგა – „სამტრედიამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და კონკურენტთან ქულები დაკარგა – 1:2.
„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში სათამაშო უპირატესობას „სამტრედია“ ფლობდა, მაგრამ ანგარიშის გახსნა სტუმრებმა 31-ე წუთზე შეძლეს, კახა კაკაშვილის შორიდან დარტყმული ბურთი მასპინძელთა მეკარე იაროსლავ ბურიჩენკოვმა ვერ შეიმაგრა და „გაგრამ“ ტაიმი 1:0 მოიგო.
„სამტრედიამ“ მეორე ტაიმში დიდი ძალებით შეუტია და მე-60 წუთზე ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცა. მომენტის ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ არბიტრმა სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ვარლამ კილასონიამ უნაკლოდ გამოიყენა.
„გაგრამ“ თამაში ბოლო წამზე გატანილი გოლით მოიგო. კუთხურის გათამაშების შემდეგ ლუკა ნოზაძემ 90+5-ე წუთზე ზუსტად დაარტყა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
„სამტრედია“ – „გაგრა“ 1:2
გოლები: 0:1 კაკაშვილი (31), 1:1 კილასონია (60. პენალტი), 1:2 ლუკა ნოზაძე (90+5. ჯანგიძის პასით)
„სამტრედია“ რვა ტურის შემდეგ ოთხი ქულით მეათე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „გაგრა“ (5) მეცხრე პოზიციაზე დაწინაურდა.