AusOpen 2018 - ნადალი ავსტრალიის ღიას გამოეთიშა, ბასილაშვილის მძლეველი ნახევარფინალშია
ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა ტურნირის პირველი ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ორივე მატჩი სენსაციურად დასრულდა.
ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, შარშანდელმა ფინალისტმა რაფაელ ნადალმა ვერ შეძლო ხორვატ მარინ ჩილიჩთან მეოთხედფინალის დასრულება. ესპანელისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო –
ერთადერთი ბრეიკით შეძლო პირველი სეტის მოგება, მეორეში კი ბრეიკით გავიდა წინ – 3:2. აქ ჩილიჩმა თამაშში
გარდატეხის შეტანა შეძლო – ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე პარტია მარათონული გამოვიდა, რომელშიც ჩილიჩმა სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ნადალმა კი სეტბოლი გაანიავა. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, სადაც ოდნავ უფრო იღბლიანი ესპანელი აღმოჩნდა – 7:6(7:5).
მესამე სეტის მოგებას ნადალისთვის ინიციატივა არ მოუტანია. მსოფლიოს პირველ ჩოგანს აშკარად დაღლა დაეტყო და მთლიანად ჩააგდო მეოთხე პარტია – მას არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, თავად კი ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება.
მეხუთე სეტის სტარტზე ჩილიჩმა “მშრალი” ანგარიშით მოიგო საკუთარი გეიმი, შემდეგ კი მეექვსე ცდიდან გააკეთა ბრეიკი და 2:0 დაწინაურდა.
თამაშის დაწყებიდან 3 საათი და 52 წუთი იყო გასული და სწორედ ამ დროს, ნადალმა მეტოქესა არბიტრს აცნობა, რომ თამაშის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა – 4:6,
ცნობისთვის, ამ მარცხის მიუხედავად, ნადალი ახალ რეიტინგში პირველ ადგილზე დარჩება.
ჩილიჩი კი “დიდი სლემის” ტურნირების ნახევარფინალში მეხუთედ გავიდა. აქ მისი მეტოქე ბრიტანელი კაილ ედმუნდი იქნება, რომელმაც ასევე სენსაციურად მოუგო მსოფლიოს მესამე ჩოგანს, ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს – 6:4, 3:6, 6:3, 6:4. შეგახსენებთ, რომ ედმუნდი ის ჩოგბურთელია, რომელმაც მესამე წრეში ხუთ სეტში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა .