ავსტრალიის ღია პირველობაზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია. ქალთა ტურნირზე ამ ეტაპის ბოლო საგზური ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ მოიპოვა, რომელსაც 2 საათი და 43 წუთი დასჭირდა თანამემამულე ბარბორა სტრიკოვას დასამარცხებლად.
პლიშკოვა უფრო აგრესიულად თამაშობდა (42 „ვინერსი“ 29-ის წინააღმდეგ), ფლობდა ინიციატივას, მაგრამ ბრეიკ-პოინტების რეალიზაცია არ უვარგოდა. 18-დან მხოლოდ ექვსი შანსი გამოიყენა. თუმცა, გადამწყვეტ მომენტში შეძლო მეტოქის მოწოდებაზე წარმატებით თამაში. მესამე სეტი სტრიკოვას ბრეიკით დაიწყო, მაგრამ შემდეგ პლიშკოვამ სამი ბრეიკი გააკეთა და მოიგო – 6:7 (5), 6:3, 6:2.
ჩეხის მეტოქე მეოთხედფინალში პირველი ჩოგანი სიმონა ჰალეპი იქნება, რომელმაც მარტივად მოგება შეძლო. წინა წრეში ამერიკელ დევისთან მესამე სეტის 15:13 მოგების შემდეგ, ამჯერად, იაპონელი ოსაკას წინააღმდეგ, რუმინელს ჯამში არ დასჭირვებია გეიმების ჩატარება – 6:3, 6:2. მეტოქეებს ბრეიკ-პოინტების თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ, 7-7, მაგრამ ჰალეპმა ხუთი შანსი გამოიყენა, ოსაკამ – ერთი.
კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი დააკომპლექტეს მედისონ კისმა და ანჟელიკ კერბერმა. კისი ფანტასტიკურ ფორმას აჩვენებს. ამერიკელმა ოთხი მატჩი ისე ჩაატარა, რომ სეტი არ წაუგია, მოგებულ პარტიებში ერთხელაც არ დასჭირვებია ტაი-ბრეიკი და ჯამში ჩატარებულ რვა სეტში მხოლოდ 19 გეიმი დათმო. ამჯერად, კისმა ტურნირის მერვე ნომერი კაროლინ გარსია საათსა და 10 წუთში დაამარცხა – 6:3, 6:2.
რაც შეეხება კერბერს, რომელიც მანამდე ასევე მარტივად უგებდა თავის მეტოქეებს, მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ტაივანელი სუ-ვეი ჰსიესგან. გარბინ მუგურუსას მძლეველმა მოუგო პირველი სეტი გერმანელს და მეორე სეტში დიდი ბრძოლა გაუმართა. რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო საბოლოო მოგებასთან, მაგრამ კერბერმა 2 საათი და 11 წუთი ბრძოლის შემდეგ მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური – 4:6, 7:5, 6:2. კერბერს წელს ფანტასტიკური სტატისტიკა აქვს – 12 მატჩში 12 მოგება.
1/8 ფინალის შედეგები ქალთა ბადეში:
ჰალეპი (რუმ, 1)-ოსაკა (იაპ) 6:3, 6:2
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 6)-სტრიკოვა (ჩეხ, 20) 6:7(5), 6:3, 6:2
კერბერი (გერ, 21)-ჰსიე (ტაივ) 4:6, 7:5, 6:2
კისი (აშშ. 17)-გარსია (საფ, 8) 6:3, 6:2
1/4 ფინალის წყვილები:
სიმონა ჰალეპი (რუმ, 1)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 6)
კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ)
ელინა სვიტოლინა (უკრ, 4)-ელიზ მერტენსი (ბელ)
მედისონ კისი (აშშ. 17)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 21)