ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა.
ამ სტადიის ბოლო მატჩში მორიგი სენსაცია მოხდა – ტურნირის ექვსგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი კორეელ ჰიეონ ჩონგთან სამ სეტში დამარცხდა – 6:7(4), 5:7, 6:7(3).
თავიდანვე გამოჩნდა, რომ სერბს ამ მატჩში სერიოზული პრობლემები ელოდა. კორეელმა ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და 4:0 დაწინაურდა. ჯოკოვიჩმა ამას თავადაც ორი ბრეიკით უპასუხა და წინ გასვლაც კი მოახერხა – 6:5. საბოლოოდ, პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც 3:3-ზე ჩონგმა ზედიზედ სამი ქულა აიღო, სამმაგი სეტბოლი მოიპოვა და მეორე ცდაზე აიღო პარტია.
მეორე სეტის სტარტზე კორეელმა ისევ წაიყვანა ანგარიში ბრეიკით და ჯოკოვიჩმა ისევ უკუბრეიკი გააკეთა. აქაც ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როცა ჩუნგმა მე-12 გეიმში მორიგი ბრეიკით სეტი მოიგო და 2:0 დაწინაურდა.
მესამე სეტის პირველ ხუთ გეიმში ოთხი ბრეიკი ვიხილეთ – ჯერ ჯოკოვიჩი გავიდა წინ, შემდეგ ჩუნგი, რასაც ნოვაკის მხრიდან ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებას ინარჩუნებდნენ და მატჩში მეორე ტაი-ბრეიკი დაინიშნა. ჩუნგმა ორი მინი-ბრეიკით წაიყვანა ანგარიში – 3:0, ჯოკოვიჩმა გაათანაბრა – 3:3, რასაც სერბის სერიოზული ჩავარდნა მოჰყვა – მან ზედიზედ ოთხი ქულა წააგო და 3 საათი და 24 წუთი ბრძოლის შემდეგ, ჩუნგმა მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ჩუნგის მოგება, რა თქმა უნდა, სენსაციად მოინათლა, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ წინა ეტაპზე მან მეოთხე ნომრად განთესილ ალექსანდრ ზვერევს მოუგო.
ჯოკოვიჩს ამ შეხვედრაში, პირველ რიგში, მოწოდების მხრივ ჰქონდა პრობლემა – მხოლოდ 2 ეისი ჩააწოდა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეორე მოწოდებით კი ქულების 39 პროცენტი აიღო. კიდევ ერთი პრობლემა ბრეიკ-პოინტების რეალიზაცია იყო – 19-დან 5 (ჩუნგს – 10-დან 6).
ჩუნგმა ახალი ისტორია დაწერა, რადგან პირველი კორეელია (კაცებშიც და ქალებშიც), ვინც “დიდი სლემის” ტურნირების მეოთხედფინალში გავიდა. აქ მისი მეტოქე კიდევ ერთი სენსაციის ავტორი ტენის სანდგრენი. მეორე წრეში სტენ ვავრინკას განადგურების შემდეგ, სანდგრენმა ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ, ტურნირის მეხუთე ნომერი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა – 6:2, 4:6, 7:6(4), 6:7(7), 6:3.
თავიანთი შეხვედრები იოლად მოიგეს როჯერ ფედერერმა და ტომაშ ბერდიხმა. შვეიცარიელმა ორ საათში ისე დაამარცხა უნგრელი მარტონ ფუშოვიჩი, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მას – 6:4, 7:6(3), 6:2. ბერდიხმა კი 6:1, 6:4, 6:4 იტალიელი ფაბიო ფონინი გაანადგურა.
1/8 ფინალის შედეგები მამაკაცთა ბადეში:
სანდგრენი (აშშ)-ტიმი (ავსტრია, 5) 6:2, 4:6, 7:6(4), 6:7(7), 6:3
ჩუნგი (კორ)-ჯოკოვიჩი (სერ, 14) 7:6(4), 7:5, 7:6(3)
ბერდიხი (ჩეხ, 19)-ფონინი (იტა, 25) 6:1, 6:4, 6:4
ფედერერი (შვეიც, 2)-ფუჩოვიჩი (უნგ) 6:4, 7:6(3), 6:2
1/4 ფინალის წყვილები
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 6)
როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 19)
გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 3)-კაილ ედმუნდი (ბრიტ)
ტენის სანდგრენი (აშშ)-ჰიეონ ჩუნგი (კორ)