ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის მეორე ფინალისტი როჯერ ფედერერი გახდა.
ლეგენდარული შვეიცარიელი წლევანდელი ჩემპიონატის სენსაციას, საშა ზვერევისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის მძლეველ ჰიეონ ჩუნგს ეთამაშებოდა. ფედერერმა ისე მიაღწია ნახევარფინალამდე, რომ სეტი არ ჰქონდა წაგებული და შეძლო ამ სერიის გაგრძელება.
საათსა და 4 წუთში მან ნამდვილი საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა მეტოქეს, რის შემდეგაც, კორეელმა ფეხის ტრავმა მოიმიზეზა, 1:6, 2:5-ზე შეწყვიტა ბრძოლა და ფედერერს ფინალში გასვლა მიულოცა. ფედერერმა 11 ბრეიკ-პოინტის გამომუშავება მოასწრო და 4 შანსი გამოიყენა, კორეელს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა მატჩის დასაწყისში, მაგრამ მეტოქის მოწოდების აღება ვერ შეძლო.
როჯერ ფედერერის სტატისტიკური მიღწევები აღფრთოვანებას იწვევს:
– მან 43-ედ ითამაშა “დიდი სლემის” ტურნირების ნახევარფინალში;
– მეშვიდედ გავიდა ავსტრალიის ღიას ფინალში და 30-ედ (!!!) “დიდი სლემის” ტურნირების ფინალში;
– მეექვსედ გავიდა “დიდი სლემის” ტურნირების ფინალში სეტის წაუგებლად;
კვირას, ფინალში შვეიცარიელი ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდება, რომელმაც ერთი დღით ადრე, ნახევარფინალში სამ სეტში მოუგო ბრიტანელ კაილ ედმუნდს.