AusOpen 2018 - როჯერ ფედერერი ავსტრალიის ნახევარფინალშია
AusOpen 2018 - როჯერ ფედერერი ავსტრალიის ნახევარფინალშია

ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირზე ბოლო ორი ნახევარფინალისტი გაირკვა.

მეთოთხმეტედ ითამაშებს ამ ეტაპზე შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, რომელმაც 2 საათსა და 18 წუთში მოუგო ჩეხ ტომაშ ბერდიხს – 7:6(1), 6:3, 6:4. ამ ჩოგბურთელებმა ჯერ კიდევ 2004 წელს ითამაშეს ერთმანეთში პირველად და მას შემდეგ, 25-ჯერ დაუპირისპირდნენ. როჯერი წინ იყო ამ დუელში 19:6.

ლეგენდას მხოლოდ პირველ პარტიაში შეექმნა სერიოზული პრობლემები. ბერდიხმა ბრეიკით დაიწყო თამაში და 3:0 წაიყვანა ანგარიში. ფედერერმა უკუბრეიკი მეცხრე გეიმში შეასრულა, როცა ჩეხი სეტზე აწვდიდა და სეტბოლიც ჰქონდა. ტაი-ბრეიკამდე ფედერერს კიდევ ერთი სეტბოლის მოგერიება მოუწია, რის შემდეგაც, ის მატჩის ბოლომდე ფლობდა ინიციატივას.

ეს ინიციატივა მან ტაი-ბრეიკზე მოიპოვა, რომელიც 7:1 მოიგო. მომდევნო სეტებში ბერდიხი მუდმივად მდევრის როლში იყო და მოუწია ფედერერის წინააღმდეგ მეოცედ დანებება.

36 წლის ფედერერი ავსტრალიის ღიას ყველაზე ასაკოვანი ნახევარფინალისტი გახდა კენ როზუოლის (1977) შემდეგ. ცნობისთვის, ფედერერს ჯერ სეტი არ აქვს წაგებული მიმდინარე ტურნირზე.

შვეიცარიელის მეტოქე წლევანდელი ტურნირის ორი სენსაციის – კორეელი ჰიეონ ჩუნგისა და ამერიკელი ტენის სანდგრენის მატჩში ირკვეოდა. პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში განუთესავი ჩოგბურთელები ხვდებოდნენ ერთმანეთს.

აქაც ყველაფერი სამ სეტში გაირკვა და აქაც გამარჯვებულ ჩუნგს ერთ-ერთ სეტში გაუჭირდა, კერძოდ, მეორეში, როცა სანდგრენი პარტიაზე აწვდიდა და ბერდიხის მსგავსად, ვერ შეძლო შანსის გამოყენება. დანარჩენ ორ სეტში კი ნოვაკ ჯოკოვიჩის მძლეველი ჩუნგი თითო ბრეიკის წყალობით გადიოდა ფონს. მატჩის მშვენება გამოდგა ბოლო გეიმი – კორეელი მატჩზე აწვდიდა, სანდგრენი გაჯიუტდა და ერთბაშად ხუთი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მეექვსე ცდაზე ჩუნგმა მაინც შეძლო გამხდარიყო პირველი კორეელი ისტორიაში, ვინც “დიდი სლემის” ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

მაშ ასე, მამაკაცთა ტურნირზე ასეთი ნახევარფინალური წყვილები შედგა:
მარინ ჩილიჩი (ხორ, 6) – კაილ ედმუნდი (ბრიტ)
ჰიეონ ჩუნგი (კორ) – როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)