ხუთშაბათს, მელბურნში ერთი ფინალისტი გახდა ცნობილი ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირზე. მეოთხედფინალში რაფაელ ნადალის მძლეველმა მარინ ჩილიჩმა ძალიან იოლად, 2 საათსა და 20 წუთში დაამარცხა ბრიტანელი კაილ ედმუნდი – 6:2, 7:6(4), 6:2.
პირველ და მესამე სეტებში ხორვატის უპირატესობა აშკარა იყო – მან ორ-ორი ბრეიკის შესრულება შეძლო. თანაბარი ბრძოლა მხოლოდ მეორე პარტიაში მიდიოდა, რომელშიც ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჩილიჩს ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა ტაი-ბრეიკაზე მოიგო იოლად. ედმუნდმა ისე დაასრულა შეხვედრა, რომ არც ერთი ბრეიკი არ შეუსრულებია და მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის შანსი ჰქონდა.
ჩილიჩისთვის ეს არის მესამე ფინალი “დიდი სლემის” ტურნირებზე. ხორვატს 2014 წელს აშშ-ის ღია პირველობა აქვს მოგებული. მისი მეტოქე ფინალში პარასკევს გაირკვევა შვეიცარიელი როჯერ ფედერერისა და კორეელი ჰიეონ ჩუნგის შეხვედრაში.